ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია

ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და სამ თვეში დასრულდება.

თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი მოინახულა. მისი თქმით, ადგილზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები სამ თვეში უნდა დასრულდეს, რის შემდეგაც საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი (BCT) მთლიანად ახალქალაქში დისლოცირდება.

სამხედრო ბაზაზე უკვე დასრულებულია რამდენიმე შენობა, მათ შორის საცხოვრებელი ყაზარმა, შტაბის შენობა, სასადილო, ორი საკონტროლო გამშვები პუნქტი, სამი საქვაბე, რომელიც შენობების გათბობისა და ცხელი წყლით მომარაგებას უზრუნველყოფს და საყარაულო შენობა. მოეწყო შიდა გზები, გარე განათება და სამწყობრო მოედანი.

დაგეგმილია ლაზარეთის, ასევე დაცვისა და უზრუნველყოფის ასეულების ყაზარმების მშენებლობა. საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი 800 რეკრუტის მომზადებაზეა გათვლილი.

ასევე, დაწყებულია ახალციხეში სატანკო სასწავლო ცენტრის ბაზაზე სასადილოსა და ყაზარმების რემონტი. ტერიტორიაზე იგეგმება სტადიონის მშენებლობასაც.

გარდა ამისა, აქტიურ ფაზაში შედის ოსიაურში ლოჯისტიკის დაცვის ბატალიონის ტერიტორიაზე არსებული ყაზარმისა და სასადილოს სარემონტო სამუშაოებიც.

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში ინფრასტრუქტურული სამუშაოები  აქტიურ ფაზაშია - რა კეთდება