გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასრულდა

მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები თავდაცვის ძალებში არსებულ ყველა სამხედრო ბაზაზე დასკვნით ფაზაშია. სარემონტო სამუშაოები დასრულდა გენერალ კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმშიც. დასრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ადგილზე მოინახულა. სამხედრო სასწავლებელის შენობებს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდა. კერძოდ, სასწავლებლის საცხოვრებელ, ადმინისტრაციულ და დამხმარე ნაგებობებში სველი წერტილები განახლდა, ოთახები გარემონტდა, კანალიზაციისა და სხვა საინჟინრო ქსელებს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

განახლდა სპორტული მოედნები და ტერიტორია კეთილმოეწყო. თავდაცვის მინისტრი დასავლეთ საქართველოში სამხედრო ბაზებზე ინფრასტრუქტურული პროექტების გაცნობის მიზნით იმყოფებოდა. წლის ბოლომდე, თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ბაზა თანამედროვე, ნატოს სტანდარტების შესაბამისად იქნება გარემონტებული და მოწყობილი, რათა სამხედრო მოსამსახურეებმა კომფორტულ და ღირსეულ პირობებში იმსახურონ.