ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნო

საერთო საჯარისო ცენტრის ტერიტორიაზე აშენდა და კაპიტალურად გარემონტდა შტაბის შენობა, სასწავლო კლასები, ლაზარეთი, ყაზარმები, სასტუმრო და რეკრეაციული ზონა. მიმდინარეობს ბეტონის შიდა გზების დაგება, სკვერების მოწყობა და ტერიტორიის გამწვანება. ასევე, იგეგემება სპორტული ზონის მშენებლობა.

წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერი ცენტრის „კრწანისის“ ტერიტორიაზე თანამედროვე სტანდარტების ახალი სასადილოც შენდება, რომელიც 1 000 სამხედრო მოსამსახურეს მოემსახურება. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია სიმულაციური ცენტრის მშენებლობის დაწყება.

„მარტის ბოლომდე 60 ლოკაციაზე ვიქნებით შესული. ჯამში 250 ობიექტი იქნება სრულად გარემონტებული. ჩვენს სამხედროებს ღირსეული საცხოვრებელი პირობები ექნებათ და ყველა სამხედრო ბაზა ერთიანი, ნატო-ს სტანდარტით იქნება მოწყობილი“, – აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.