სურსათის ეროვნული სააგენტო ჯარის კვების კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთო

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სურსათის ეროვნულ სააგენტოს შორის სურსათის უვნებლობის საკითხებთან დაკავშირებით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო, სურსათის უვნებლობის საკითხებზე გასცემს რეკომენდაციებს და ჯარის კვების ობიექტებში კონტროლის განხორციელებაში აქტიურად ჩაერთვება.

სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, სააგენტო უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ მომზადებულ სურსათის შესყიდვებთან დაკავშირებულ ტექნიკურ დავალებებზე შესაბამისი რეკომენდაციების გაცემას და იმ ბიზნესოპერატორების შემოწმებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ქართული ჯარის კვების ობიექტებისთვის სურსათის მიწოდებას.

მემორანდუმის ფარგლებში სურსათის ეროვნული სააგენტო სურსათის ნიმუშების ამოღებასა და ლაბორატორიულ შემოწმებას უზრუნველყოფს. თავდაცვის სამინისტრო კი, ვალდებულებას იღებს უზრუნველყოს სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულება.